რა მაინტერესებს? ძალიან ბევრი რამ. როგორ შეიძლება მათი ერთმანეთისგან განსხვავება ან ერთმანეთთან დაკავშირება? მე მინდა ვიკვლიო პიროვნება, აღმოვაჩინო როგორ ხდება მასში ცვლილებები, რა ახდენს ამაზე გავლენას, როგორ ეგუება ადამიანი ამ ცვლილებებს და როგორ ერგება გარემოს, რომელმაც შეიძლება არ მიიღოს ის ცვლილებების შემდეგ. ამ თემის გულწრფელი ინტერესის გამო, მინდა შევძლო და ვიკვლიო ის, დავწერო მის შესახებ და ასეთ ადამიანებს დავეხმარო ცვლილებებთან შეგუებასა და გარემოსთან მორგებაში.

თავად მე შევიცვალე. ბევრი შეხედულება შემეცვალა და ამას არ ვიღებ უჩვეულოდ, არც განვიცდი, მიუხედავად იმისა, რომ გარშემომყოფები ამას ამჩნევენ და ფიქრობენ რომ მათთვის შეგუება ახალ “მესთან” რთულია. ცვლილებები თავისთავადია და აუცილებელიც, გააჩნია როგორ მოხდება ეს. ვფიქრობ, ბევრს ვფიქრობ და ვერ გამიგია რა მოხდა, რა შეიცვალა ჩემს პიროვნებაში, უფრო სწორად ვხედავ და ვიცი რაც შეიცვალა, უბრალოდ რთული გასაგებია რა გარემოებებმა მოახდინა ამაზე გავლენა.

მინდა აღვნიშნო, რომ არ განვიცდი შეხედულებების შეცვლას, მაგრამ განვიცდი გარშემომყოფების დამოკიდებულებას ამ ცვლილებისადმი. თუ უკეთესობისკენაა მიმართული ცვლილება ჩემთვის გამართლებული და მისაღებია. მაგრამ იცის სადავოა, ვინ როგორ შეხედავს ამ საკითხს. ყველა საკუთარი სუბიექტური აზრით შეაფასებს და ამ შემთხვევაში ვერასდროს გავიგებთ ის უკეთესობისკენ იქნება მიმართული თუ უარესობისკენ.

ადრე ვფიქრობდი, რომ ადამიანები არ იცვლებიან, ახლა კი ვფიქრობ, რომ ყველაფერი დროის, გარემოს და საკუთარი სურვილის მიხედვით ხდება. შეიძლება შეიცვალოს შეხედულებები, აზრები, ქცევები, მიდგომები, მაგრამ იშვიათია ხასიათის ცვლილება. პირადად ჩემში შეიცვალა გარკვეული დოზით ყველაფერი გარდა ხასიათისა, მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა ხასიათის ცვლილების მაქვს  და სხვა რაღაცები გარემომ განაპირობა. დღეს კი ვფიქრობ, რომ ყველაფერი მოგვარებადია ადამიანის სურვილის და მონდომების მიხედვით.

მინდა მალე მქონდეს კითხვებზე პასუხები, რაც მეტს ვიფიქრებ და მოვიძიებ მით უფრო სწრაფად შევძლებ ამის გაკეთებას. ბევრი აზრი მომდის თავში და დაწერას ვერ ვასწრებ. ჩემი პირველი თემა შეეხება ადამიანების შეცვლას, რასაც შემდეგ უფრო განვავრცობ.

ზ.ზ.

Advertisements